weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონული განვითარების მინისტრმა ერთ წელში 750 000 ლარის ქონება შეიძინა

22:33 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ოჯახის ქონება 2016 წელს დაახლოებით 750 000 ლარით გაიზარდა. ზურაბ ალავიძემ და მისმა მეუღლემ 2 ბინა, 2 არასაცხოვრებელი ფართი და 1 ძვირადღირებული ავტომანქანა იყიდეს, ხოლო 1 ბინა საჩუქრად მიიღეს.

ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე 2016 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე იგი მთავრობის ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე, ზურაბ ალავიძემ და მისმა მეუღლემ ნინო ჟღენტმა ნასყიდობის ფორმით შეიძინეს 195 000 ლარის ღირებულების უძრავი ნივთები: ქალაქ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე 83 კვ.მ საცხოვრებელი ბინა და 2 არასაცხოვრებელი ფართობი, ღირებული 105 000 ლარად; 71,4 კვ.მ ფართობის ბინა დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ არსებულ №23 კორპუსში, რაშიც 90 000 ლარი იქნა გადახდილი.

იმავე პერიოდში, ზურაბ ალავიძის მეუღლემ შეიძინა ავტომანქანა „Toiota Prado“, რომლის ღირებულება 64 521 ლარია.

გარდა ამისა, 2016 წლის 25 აპრილს ნინო ჟღენტმა თათია ჟღენტისგან ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო თბილისში, გოგებაშვილის ქუჩის №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მე-2 სართულებზე განთავსებული დუპლექსის ტიპის ბინა, რომლის ფართობიც 271 კვ.მ-ს შეადგენს. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებით, აღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულება სავარაუდოდ 200 000 აშშ დოლარია.

ჩუქების მომენტში აღნიშნული ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, თუმცა ნინო ჟღენტის სახელზე დარეგისტრირებიდან 2 კვირის განმავლობაში ფულადი ვალდებულება მთლიანად შესრულდა და „საქართველოს ბანკთან“ დადებული იპოთეკის ხელშეკრულება შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ არც 2015 და არც 2016 წელს ზურაბ ალავიძეს და მის მეუღლეს ბანკიდან ან კერძო პირებისგან სესხი არ აუღიათ. მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 2015 წელს 346 309 ლარი, 2016 წელს კი 285 167 ლარი იყო, რაც ჯამში 631 476 ლარია.

ზურაბ ალავიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2009-2010 წლებში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2011 წლიდან კი კომპანია „დარიალი ენერჯის“ დირექტორად დაინიშნა. 2012 წლის 30 ივლისს მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულობის სახით 35 000 ლარი ჩაურიცხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]